ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი

ბლოგის ავტორი: ფორვე

კაცობრიობის უძველესი და უძლიერესი ემოცია შიშია

    შიშის უძველესი და უძლიერესი ნაირსახეობა კი უცნობის შიშია

                                                                                                     .. ლავკრაფტი

ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტის მთელი ცხოვრება უცნაურთან იყო ასოცირებული. ჟანრი, რომელშიც მან სახელი გაითქვა, მის დროს “უცნაურ ფიქციად” (Weird Fiction) იყო წოდებული. ჟურნალს CosmicHPLკი სადაც ლავკრაფტის ნაშრომები ყველაზე ხშირად იბეჭდებოდა “უცნაური ისტორიები” (Weird Tales) ერქვა.

იშვიათად თუ მოიძებნებიან დღეს ამ ან მიმდებარე ჟანრებში მწერლები რომლებზედაც ლავკრაფტმა ასე თუ ისე არ იქონია გავლენა. კითხეთ ამაზე სტივენ კინგს, ნილ გეიმანს ან თუნდაც, თუ ფილმების მოყვარული ხართ, გილერმო დელ ტოროს. მიუხედავად იმისა რომ თავის დროს ლავკრაფტი ფართო წრეებისთვის ცნობილი არ იყო, დღეს მისი პოპულარობა პოპ კულტურაშიც კი გადადის (მაგალითად მისი ერთ ერთი ქმნილება ქთულუ, რომელიც აბსოლუტურ ბოროტებას წარმოადგენს, საკმაოდ ცნობილი არის თუნდაც წიგნებისგან მოწყვეტილი ადამიანებისთვის. ეკრანებზე თავად ლავკრაფტის პერსონაჟიც გამოჩენილა. პოპულარულ სერიალის ზებუნებრივის (Supernatural) ერთ ერთი სერიის მიხედვით ლავკრაფტი ისტორიებს არა თავის წარმოსახვაზე დაფუძნებით არამედ პირადი გამოცდილებიდან და მას გადამხდარი ისტორიების მიხედვით წერდა. მსგავსი შინაარსის იყო მხატვრული ფილმი Necronomicon: Book of Dead-იც)

ჟანრის კლიშეების აღსავსე წარმომადგენლების გვერდზე ლავკრაფტის სტილი მკვეთრი კონტრასტით გამოირჩევა. მისი ცხოვრებაშივე და დღესაც მწერლების უმეტესობა სამყაროს დიდწილად ადამიანისადმი კეთილგანწყობილად მიიჩნევდნენ. კარგი (და საინტერესო!) პერსონაჟები იშვიათად კვდებიან და მაშინაც “მუდამ ჩვენ გულში რჩებიან“. ლავკრაფტის შემოქმედებაში კი Happy Ending იშვიათი მოვლენაა (ზოგჯერ მთავარ გმირს სიკვდილის შემდეგაც კი არ ადგება საშველი) და ძირითადად  მთავარი გმირის ცოცხლად დარჩენას გულისხმობს, თუმცა ჩემთვის შეურყეველი ფსიქიკით, საზოგადოების რიგით წევრად დარჩენილი პერსონაჟი რთული გასახსენებელია. ლავკრაფტის შექმნილი სამყაროს “ძლიერნი” ყველაზე კარგ შემთხვევაში გულგრილად არიან განწყობილნი ჩვენი რასის მიმართ. მათი აქტივობა ზოგჯერ  ცივილიზაციებს გადანგურებით ემუქრება, თუმცა ხშირად ამის გაკეთება მათ მთავარ მიზანს არ წარმოადგენს, არამედ გვერდითი ეფექტია (მაგალითად, ღმერთების დაპირისპირების შედეგაც დაზარალებული მესამე მხარე). ადამიანი სუსტი, უმნიშვნელო არსებაა. მას არ გააჩნია ძალა დაამარცხოს კოსმიური ძალები, რომელიც მის წინააღმდეგ მოქმედებენ. ამ ძალების პერიფერიაზე აღმოჩენაც კი ადამიანს სამუდამო ფსიქოლოგიურ ნაიარევს უტოვებს.

ლავკრაფტის ნაშრომები ადამიანის და კოსმოსური ძალების დაპირისპირებით არ შემოიფარგლება. მის ნაწარმოებების უმეტესობაში უფრო მცირე მასშტაბების ბოროტება გვხვდება. მიუხედავად ამისა მათი ეფექტი ადამიანებზე არანაკლებ დამანგრეველია. დღეს ლავკრაფტის შემოქმედებაში გამორჩეულად პოპულარულია ქთულუს მითოსი, (იმის და მიუხედავათ რომ ქთულუ არც მისი საუკეთესო ისტორიაა და არც ყველაზე კარგი ქმნილებაა (ჩემი აზრით) ის უდაოდ მისი შექმნილი ყველაზე პოპულარული არსებაა) რომელიც  ღმერთებისგან და უცხოპლანეტელების ცივილიზაციებისგან შედგება.  ეს “პანთეონი” უკვე ლავკრაფტის გარდაცვალების შემდგომ  მის კოლეგისა და თაყვანისმცემლის ავგუსტ დერელეზის მიერ შეიქმნა. თავად ლავკრაფტს თავში არასოდეს მოსვლია (რამდენადაც ცნობილია) მისი ნაშრომების მიხედვით საერთო სამყაროს შეექმნა. ტოლკიენისგან განსხვავებით ის აქცენტს არა სამყაროს დეტალებზე არამედ ისტორიაზე აკეთებდა.

ლავკრაფტის შემოქმედებას ხშირად სამ ნაწილად განიხილავენ. ესაა მის ადრინდელ კარიერაში დაწერილი macabre ისტორიები (რომელიც მის და პოს შორის არსებული კავშირი ყველაზე ნათლადაა ნაჩვენები. ამ ისტორიებდან გამოვარჩევდი The Music of Erich Zann, The Tomb, The Cats of Ulthar, The Nameless City). სიზმრების ციკლი, სადაც ის აღწერს სამყაროს, რომელშიც მხოლოდ სიზმრის მეშვეობით შესაძლებელია შეღწევა (მაგალითად, The Dreams in the Witch House, Through the Gates of the Silver Key, The Dream-Quest of Unknown Kadath, The Silver Key) და ქთულუს/ლავკრაფტის მითოსი რომლისადმი მისი შემოქმედების ყველაზე დიდი ნაწილი არის მიძღვნილი (აქედან ყველაზე გამოსარჩევია At the Mountains of Madness, The Dunwich Horror, The Shadow Out of Time, The Haunter of the Dark).  მე ამ ბოლო კატეგორიას კიდევ ორ ქვეკატეგორიად დავყოფდი. ისტორიები რომელიც სამეცნიერო ფანტასიკის ჟანრს განეკუთვნება და საშინელებათა ჟანრის ისტორიები. პირველის ერთ ერთი საუკეთესო წარმომადგენელი ალბათ  At the Mountains of Madness-ია, ხოლო საშინელებათა ჟანრში ჩემ ერთ ერთ საყვარელ მოთხრობას The colour out of space გამოვყოფდი. თავად ლავკრაფტი თავის ნაშრომებს ზემოთ ხსენებულ კატეგორიებად არ ყოფდა, შესაბამისად მათ შორის მკვეთრი საზღვარი არ არსებობს.

ორი სიტყვით პოსა და ლავკრაფტის კავშირზე მოგითხრობთ. მწერლებს შორის ლავკრაფტზე ყველაზე დიდი გავლენა ედგარ ალან პომ მოახდინა. მათ შორის ბევრი მსგავსება იყო, როგორც ორ მწერალსა და უცნაურ ადამიანს შორის. ორივე ნიუ ინგლენდში დაიბადნენ, მამის გარეშე გაიზარდნენ, უყვარდათ პოეზია და ქონდათ მიღებული კლასიკური განათლება. ორივეს ქონდათ უნდობლობა უცხოელების მიმართ, განსაკუთრებით კარგად ჩანს ეს ლავკრაფტის შემოქმედებაში, სადაც ის თავის ქსენოფობიურ დამოკიდებულებაზე ხაზგასმით წერს. ამავე დროს ორივენი დაინტერესებულნი იყვნენ მეცნიერებით და თავის ნაშრომებში დროის უახლეს სამეცნიერო აღმოჩენებს იყენედბნენ (მაგალითად ნოველა The Whisperer in Darkness სადაც ლავკრაფტმა მზის სისტემაში მეცხრე პლანეტის არსებობა იწინასწარმეტყველა).

თუ საშინელებათა ჟანრის მოყვარული ხართ მაშინ თქვენი ვალდებულებაა ლავკრაფტი წაიკითხოთ. სპეციფიურად ფენტეზის ან სამეცნიერო ჟანრის მოყვარულებისათვის “სავალდებულო” მისი ცალკეული ნაშრომებია (მაგალითად The Dunwich Horror და At the Mountains of Madness). თუ კი უბრალოდ უცნაური ისტორიების კითხვა გიყვართ მაშინ ლავკრაფტი თქვენთვის ისეთივეე  ბედნიერი აღმოჩენა იქნება როგორც უცნობი ნათესავით მიერ დატოვებული ქონება.

მომიტანეთ მშვენიერი უფლისწულის თავი, ანუ Obey your master!

ბლოგის ავტორი: ალექსი სიუკათი (barastyr.wordpress.com)

როცა „ბნელი კოშკის“ პირველი წიგნით მოვიწამლე და როლანდ დესკეინის შესახებ დაწერილი ყველა წიგნი რამდენიმე თვეში წავიკითხე, გადავწყვიტე  „ჩანაცვლების პროგრამაში“ ჩავრთულიყავი. უნდა გავთავისუფლებულიყავი Bring-Me-the-Head-of-Prince-Charming-9780553354485ტოქსიკომანიისაგან და ამიტომ დავიწყე ძიება. ძიების ობიექტი უნდა იყოფილიყო მარტივად წასაკითხი, ადვილად აღქმადი, მხიარული (და არა ბრიტანული იუმორით გაჯერებული), გონებამახვილური, სხარტი, მრავალფეროვანი და, რაც მთავარია, ბოლომდე საინტერესო და დროული დასასრულის მქონე.  ფენტეზის მწერლები ხშირად გადაჭარბებულად სანუკვრად თვლიან მათ მიერ შექმნილ სამყაროებს, ხიბლში ვარდებიან და იმდენ წიგნს წერენ  აღნიშნულ სამყაროებზე, რომ ბოლოს მათი ნაწერები ბოდვად იქცევა ხოლმე.

ჟანრის შესაძლებლობებისა თუ ადამიანის ფანტაზიის სიმწირის გამო ბოლო ხანებში სულ უფრო იშვიათად იწერება აუთენტიკური სამეცნიერო ფიქცია (ჩვენში ფანტასტიკად ცნობილი ჟანრი ისევე არასწორად იქნა სახელდებული საბჭოთა კავშირში და მის მემკვიდრეებში, როგორც ტერმინი „კოსმონავტი“ ამერიკელების მიერ, რომლებიც კოსმოსში მფრინავებს „ასტრონავტებს“ უწოდებენ_როდის უნახავთ ნეტა ვარსკვლავებისკენ განხორციელებული კოსმოსური ექსპედიცია!)  ამას გარდა ნამდვილი სამეცნიერო ფიქციის შექმნას ნამდვილი სამეცნიერო განათლება სჭირდება საბუნებისმეტყველო ან სხვა ჭეშმარიტ მეცნიერებებში. ბიოქიმიკოსი და, ამავდროულად, სამეცნიერო მხატვრული ლიტერატურის მწერალი  საუკუნეში რამდენიმე იბადება მხოლოდ.. არც ფიზიკოსი მწერლები არიან მაინცდამაინც ბევრნი კანზას-სიტიში.. რომ აღარაფერი ვთქვათ „კინგზ კოლეჯისა“ და „როიალ კოლიჯ ოვ საინსის“ კურსდამთავრებულებზე. ამიტომ დროთა განმავლობაში იმდენად დაკნინდა სამეცნიერო ფიქცია, რომ რაც არ უნდა შოკისმომგვრელი იყოს, ნებიულასა და ჰიუგოს ჯოან როულინგიც კი იღებს, რომელსაც სამეცნიერო ფიქციასთან ფაქტობრივად არაფერი აქვს საერთო, თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა. ოცი წლის წინ, როცა ეს ტრილოგია იწერებოდა ჯერ კიდევ იბრძოდა sci-fi თვითგადარჩენისათვის და ჰიუგო გერნსბეკიც ასე ხშირად არ ბრუნავდა საფლავში… ამიტომ იქნა უარყოფილი ეს ნაწარმოები დაჯილდოების ნომინანტების შერჩევისას.

სულ უფრო დიდი დოზებით იჭრება ფენტეზი sci-fi სივრცეში,  თუმცა, შეკლი-ჟელაზნის ტრილოგიის პოპულარობისა თუ აღიარების ხარისხსა და დონეს თუ გავითვალიოსწინებთ, ძნელი წარმოსადგენია, რამე  მნიშვნელოვანი მოეგო დღეს ამერიკაში დემონი აზის თავგადასავალს.. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, სავარაუდოდ, ბევრი რომ დაეწერათ შეკლისა და ჟელაზნის ერთად,  უთუოდ გახდებოდნენ ჰიუგოსა და ნებიულას მერილ სტრიპები, ძმები კოენები, და-ძმა ვაჩოვსკები ან კლინტ ისტვუდები მაინც..

ჟელაზნი-შეკლის პირველ წიგნად  „მომიტანეთ მშვენიერი პრინცის თავი“ ტრილოგიის პირველი წიგნის სახელიცა და წიგნის ყდაც იმდენად ანიმაციური და „ზღაპრულ-მულტფილმურია“, რომ წინასწარ ექმნება გაუთვიცნობიერებელი, სტერეოტიპური  წარმოდგენა-შთაბეჭდილება. თუმცა, წიგნის  დასაწყისშივე ხვდები, რომ  სულ სხვა გარემოში მოხვდი და „ეს ის არაა, რაც შენ გგონია“.  ჯოჯოხეთის სტრუქტურებში გამართული კაფკასეული კანტორა ჩეხოვისეული ჩინოვნიკებითა და ოფისის პლანქტონებით  აუცილებლად გამოიწვევს ღიმილს  ზოგიერთ მკითხველში,  ჟღალთმიანი დემონი აზის გაცნობის შემდეგ კი საბოლოოდ იპყრობს ღიმილმოგვრილი მკითხველის გულს… აღსანიშნავია, რომ მეორე  წიგნი („თუ ფაუსტის როლს ვერ ითავსებ“) ჰარმონიულად ერწყმის პირველს და აგრძელებს ვაჭრობა-მარიონეტობის თემატიკას, თუმცა, პირველი წიგნის ღვიძლი შვილი მაინც მესამე ნაწილია („ფარსი, რომელიც უნდა გახსოვდეს“)

წიგნში რამდენიმე საგულისხმო რემინისცენციაა, აშკარა და ბუნებრივი ალუზიების (ფაუსტის თემატიკა) გარდა ბევრი სხვა ლიტერატურული, მითოლოგიური და ისტორიული პარალელის გავლება შეიძლება. ანანკე და ილიტი მითოლოგიიდან, პიეტრო არეტინო და შექსპირი ლიტერატურიდან. აღსანიშნავია რომ წიგნში ბერნარდ შოუს პიგმალიონისა და კარლო კოლოდის პინოქიოს სიუჟეტური ხაზებიც იკვეთება და დამატებით ეშხს ჰმატებს ნაწარმოებს. ნაწარმოების ღირსებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ წიგნს არ ჰყავს რეალური ანტაგონისტი და პროტაგონისტი, თვით ანგელოზები და დემონებიც კი სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებულ ვიწრო სერპანტინზე მოძრაობენ… ხოლო მშვენიერი უფლისწული კლაივ ლუისის პრინც კასპიანს ცხენის ფერითაც კი არ ჰგავს. შეკლი და ჟელაზნი მარიონეტებისა და განგების საკითხს დასცინიან. ბუნებრივია, რომ ანტირელიგიურობა და ფატალიზმის გაქილიკება ამერიკაში უფრო მძაფრად ხდება, ვიდრე სხვაგან_რელიგიურ-კონგრეგაციული საზოგადოება და  კონსტიტუციის პირველი ცვლილება ერთად დენთის კასრის ეფექტს ქმნის.

და ბოლოს… წიგნის კითხვისას მე პირადად ხშირად მახსენდებოდნენ ჯიმი ჰეტფილდი და კლიფ ბარტონი..

მოგვიანებით, როცა შეკლისა და ჟელაზნის ნაწერებს ფაქტობრივად სრულად გავეცანი (მათ შორის ამბერის ქრონიკებსაც, რომელიც გაწელილობის კოეფიციენტით სტივენ კინგის „ბნელი კოშკის“ ციკლს  ტოლს არ უდებს) , მივხვდი, რომ შეკლიმაც და ჟელაზნიმაც ამ ნაწარმოებში საუკეთესო თვისებები გამოავლინეს… საინტერესოა, დაემსგავსებოდა თუ არა ზომებისა და სიუჟეტის განვითარების კუთხით დემონი აზის თავგადასავალი როლანდ დისკეინის გულისგამაწვრილებლად დაუსრულებელ საგას, რომარა ზელაზნის გარდაცვალება.

და მაინც … Come crawling faster… obey your master… master!  Master!

ტერი პრატჩეტი

სანამ ინგლისს (და დანარჩენ მსოფლიოს) პოტერომანია მოედებოდა, გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე გაყიდვადი ავტორი ტერი პრატჩეტი იყო. ხოლო მისი ყველაზე პოპულარული ქმნილება Discworld-ის სამყარო. ბრტყელი “პლანეტა” ოთხ უზარმაზარ სპილოს ზურგს ადევს, რომლებიც ამავე დროს გიგანტურ, ვარსკლავთშორისო მოგზაუpratchett_ratsრობაში მყოფ კუს, ა’ ტუინს, ზურგს ადგანან (ერთ-ერთი ვერსიით დიდი ა’ ტუინი საპირისპირო სქესის წარმომადგენელს ეძებს, რომლის პოვნის შემთხვევაში სამყაროს დასასრული დადგება). პრატჩეტის ისტორიების უმრავლესობა ( 39 წიგნი) ზუსტად ამ კუს ზურგს ზედ მდებარე სამყაროში ვითარდება.

პრატჩეტის სამფლობელო იუმორისტული ფენტეზია. ამ ჟანრში მან წერა ფენტეზის იმ კლიშეების დამსხვრევისთვის დაიწყო,  რომლებიც ტოლკინის, რობერტ ჰოვარდის, ლავკრაფტის და მსგავსი კოლორიტების ნაშრომების იმიტაციების უზარმაზარი რაოდენობით შეიქმნა.  ყოველ შემთხვევაში ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდა, როდესაც ციკლის პირველ წიგნს Colour of Magic-ს წერდა. დისკვორლდი ტოლკინის მიერ შექმნილი სამყაროს გადატრიალებული ვერსიაა. პრატჩეტი კლასიკური ფენტეზის ელემენტებს თანამედროვე სამყაროს ურთავს და ერთდროულად ერთის ‘არაპრაქტიკულობას’ და მეორეს აბსურდულობას გვიჩვენებს.

პრატჩეტის სამყაროში ჯადოქრებს ყველაზე მეტად კარიერული წინსვლა აღელვებთ, ღამის გუშაგების (იგივე პოლიციელებს) მთავარი პრობლემა ბიუჯეტის სეკვესტრია, ხოლო დაქირავებულ მკვლელთა გილდიის უფროსები ქალაქის საკრებულოში მაღალი გადასახადებები გასაპროტესტებლად იკრიბებიან. რა თქმა უნდა, დისკვორლდის სამყაროშიც ბლომად არიან დიადი მეომრები და მითოლოგიური არსებები, მაგრამ ამავე დროს არიან კიდევ უფრო ძლიერი და სასტიკი არსებებიც, მაგალითად იურისტები, პოლიტიკოსები და ბიუროკრატები. ზუსტად ფენტეზისა და იუმორის ასეთმა ორიგინალურმა შერწყამ განაპირობა პრატჩეტის უზარმაზარი პოპულარობა.

თუმცა, პრატჩეტი ვერ იქნებოდა დიდი მწერალი და ვერც რაინდის წოდებას მიიღებდა ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის, თუ მისი ნაშრომები უბრალოდ კლიშეების პაროდირებაზე იქნებოდა აგებული. ეს მისთვის მხოლოდ საშუალება იყო და არა თვითონ მიზანი. იუმორით გაჟღენთილ წიგნებში ის ისეთ სერიოზულ თემებს ეხება – როგორც რასობრივი დისკრიმინაციაა, ცნობილი ადამიანთა კულტი (Moving pictures), სქესთა უთანასწორობა და ფემინიზმი (Witches Abroad, Lords and Ladies, Maskerade და Carpe Jugulum), რელიგიური ფუნდამენტალიზმი (Small Gods), ძალადობა და მრავალი სხვა. ამიტომაცაა რომ მისი წიგნების წაკითხვა ერთნაირად რეკომენდირებულია როგორც ახალგაზრდებისათვის, ასევე ზრდასრულებისათვის. პირველ ჯგუფმა შეიძლება გარკვეული მინიშნებები ვერ გაიგოს და უბრალოდ სასაცილო სიტუაციად აღიქვას, ამავე დროს ზრდასრული (და ნაკითხი) ადამიანი ადვილად მიხვდება, თუ რა პრობლემაზე მიუთითებს ავტორი. პრობლემები, რომელიც ამ აბსურდულ სამყაროში ჩნდება, პირდაპირ ჩვენი რეალობიდან არის გადატანილი, ფენტეზის და იუმორის ელემენტები კი სახალისო უკანა ფონის შესაქმნელადაა გამოყენებული. ამავე დროს რაც უფრო ნაკითხია ადამიანი, მით უფრო დააფასებს პრატჩეტის იუმორს. ის თავის ნაშრომებში რეფერენსებს არა მხოლოდ თანამედროვე პოპ-კულტურის მიმართ აკეთებს, არამედ კლასიკურ ნაშრომების მიმართაც. მაგალითად, მისი ორ წიგნი Lords And Ladies და Wyrd Sisters. თუ შექსპირის A Middsummer night’s dream  არ გაქვთ წაკითხული, მაშინ წიგნის სრულ დაფასებას ვერ მოახერხებთ. მისი წაკითხვა სახალისო იქნება მათვისაც, ვინც წიგნი პირველად დაიკავა ხელში, მაგრამ დამატებითად დაჯილდოვდება ის,  ვინც კითხვით უკვე დიდი ხანია არის გატაცებული. ტერი პრატჩეტი ერთდროულად ბავშურად მარტივია და ამავე დროს საოცრად კომპლექსური… აღსანიშნავია, რომ პრატჩეტი ასევე გამოირჩევა  სიტყვებით თამაშის ნიჭით (wordplay) და მათი მნიშვნელობით (თუმცა სამწუხაროდ ეს თვისება კარგად არ ჩანს თარგმანში, ან საერთოდაც იკარგება). ამ ნიჭით მას ხშირად ადარებენ არა მხოლოდ დუგლას ადამსს, არამედ პ.ჯ ვუდჰაუსსაც.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თითქოს და, საოცარია ლიტერატურული საზოგადოების სნობიზმი მის მიმართ. მან პირველი სერიოზული ჯილდო მხოლოდ 2002 წელს მიიღომ  (თუმცა 2009 მას რაინდის წოდება მიანიჭეს ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის) საბავშვო წიგნისათვის The amazing maurice and his educated rodents. ამით თითქოს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ფენტეზი საერთოდ ბავშების გატაცებაა არის და თავისი ადგილიც შესამაბისაც უნდა იცოდეს. კრიტიკოსთა ზრდადი ნაწილი, პრატჩეტი და, რაც მთავარია, მე მივიჩნევთ, რომ მისი ნაშრომების ნაკლებად სერიოზულად აღთქმა მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ მან თავისი ნოველების ფონად ფენტეზის სეტინგი აირჩია. ხოლო ის, რომ ფენტეზი როგორც ჟანრი, ყველაზე ნაკლებად დაფასებულია, ლიტერატურული საზოგადოებიდან ძირითადად უარყოფით შეფასებას იღებს და მკითხევლთა დიდი ნაწილი  მას ბავშების გასართობად მიიჩნევს. ეს საკითხი კიდევ ცალკე თემას იმსახურებს. აი, რას ამბობს ამის თაობაზე თვითონ პრატჩეტი: ახლა ვიცი, რომ თითქმის მთელი ფიქცია ფენტეზი არის. ის, რასაც აგატა ქრისტი წერდა, ფენტეზია, ის, რასაც ტომ კლენსი წერს, ფენტეზია. ის, რასაც ჯილი კუპერი წერს, ფენტეზია, – ყოველ შემთხვევაში ამის დიდი იმედი მაქვს. მაგრამ როდესაც ძირითადად  გესმით ხმლები, მოლაპარაკე ცხოველები, ვამპირები, კოსმოსური ხომალდები (სამეცნიერო ფანტასტიკა იგივეა ფენტეზია, ოღონდ ჭანჭიკებით) წარმოგიდგებათ და ზოგჯერ ეს, მართლაც, ძალიან სულელურად გამოიყურება. თუმცა, ამავე დროს, ფენტეზი ვარაულდობს, რა მოხდება მომავალში, თავიდან წერწარსულს და უფიქრდება ამწყოს. ის თამაშობს სამყაროსთან“.

მიუხედავათ იმისა რომ პრატჩეტის წიგნები ერთმანეთან პირდაპირ კავშირში არ არიან, მოქმედება თითქმის ყოველთვის ან მორპოკის ქალაქში ვითარდება, სადაც ნაცნობ პერსონაჟებს ხშირად გადავეყრებით, ზოგჯერ მთავარ როლში ზოგჯერ მეორეხარისხოვან, ზოგჯერაც კი უბრალოდ რამდენიმე წინადადებაში. ყველაზე ხშირად, თითქმის ყველა წიგნში, სიკვდილის პერსონაჟი ჩნდება. ძირითადად ის რამდენიმე წინადადების შემოიფარგლავს თავს, თუმცა ზოგჯერ მეორეხარისხოვანი გმირიცაა. ასევე პოპულარული პერსონაჟები არიან რინსვინდი, წარუმატებელი და მშიშარა ჯადოქარი, რომელსაც ხშირად უწევს სამყაროს გადარჩენა; თუფლაუერსი, გულუბრყვილო ტურისტი მისი მრავალფეხა და ყოვლისმჭამელ ბარგთან ერთად; კოჰენი, ბებერი ბარბაროსი და სიუზანი, სიკვდილის შვილიშვილი. ასევე ორი სიტყვა უნდა ითქვას დისკვორლდის ღმერთებზე (რათა მათი რისხვა არ დავიმსახურო), რომელთა ყველაზე გავლენიანი ჭექა-ქუხილის ღმერთი ბრმა იოა და ქალბატონი, რომლის სახელის წარმოთქმა მის გაქრობას იწვევს. დისკვორლდის ღმერთებს ერთი ცუდი ჩვევა აქვთ, საღამოობით ათეისტების სახლებთან მიდიან და ფანჯრებს უმტვრევენ. ისინი ერთმანეთს პირდაპირ არ უპირისპირდებიან, ამას მათ მაგირად მათი მრევლი აკეთებს, რაც უფრო ძლიერად წამთ ხალხს ღმერთების, მით უფრო ძლიერნი არიან ისინი. თავისუფალ დროს ისინი მოკვდავების ამსახავი ფიგურებით არც ისე ჩახლართული, მაგრამ სისხლიანი თამაშით ირთობენ თავს.

ტერი პრატჩეტი ჩემთვის ცნობილი ერთადერთი ავტორია, რომლის წაკითხვას განურჩევლად ყველა ასაკის ხალხს ვურჩევდი. მას სახლში შვილიც და მშობელიც ერთნაირი სიამოვნებით წაიკითახვენ.

ჯორჯ რ.რ. მარტინი

ბლოგის ავტორი: ფორვე

მარტინის მეინსტრიმში დამკვიდრება თითქოსდა რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხდა. ეს დიდწილად მისი ეპიკური ფენტეზის, ყინულისა და ცეცხლის სიმღერის url(Song of Ice and Fire) ეკრანზე ადაპტირების დამსახურებაა. თუმცა მარტინი მანამდეც პოპულარობის ნაკლებობით არ იტანჯებოდა, ამის თქმა მიახლოებით იგივე იქნებოდა რაც ტოლკინის, ჯექსონის ეკრანიზაციებამდე, არაპოპულარობაში დადანაშაულება. ყინულისა და ცეცხლის ეპოპეა საქართველოში სერიალის გადაღებამდეც იკითხებოდა, ახლა კი ნამდვილი ბუმია.

ბატონ მარტინს საკმაოდ მრავალფეროვანი კარიერა ქონდა. ის არა მხოლოდ რამდენიმე ჟანრშია პოპულარული მწერალი (სამეცნიერო ფანტასტიკა, ფენტეზი, საშინელებათა ჟანრი) არამედ საკმაოდ წარმატებული სცენარისტიცაა. ამ მხრივ მისი პროექტები მოიცავენ სერიალს Beauty and the Beast (სადაც Beast-ს რონ პერლმანი თამაშობს) და Twilight Zone (რამოდენიმე ეპიზოდი). მისი მოღვაწეობა გაცილებით ფართომასშტაბიანია ვიდრე „ეს ის მასტია რომლემაც სერიალ Game of throne-ისთვის წიგნები დაწერა“.

ბავშობიდანვე მდიდარი ფანტაზიით გამორჩეული, მარტინი, თავის დაწერილ მოთხრობებს თანატოლებს ჰყიდდა. ადრინდელი თინეიჯერობიდან მას დაეწყო გატაცება კომიქსებით, რომელიც დღემდე გრძელდება. როდესაც ვიეტნამის ომი დაიწყო მარტინმა გადწვიტა მორალურ საფუძველზე უარი ეთქვა სამხედრო სამსახურზე (Conscientious objector) და კომისარიატში გაგზავნილ წერილს თავისი მოკლე მოთხრობა „The Hero” დაართო. ამ მოთხროვაში ისტორია შორეულ მომავალში ვითარდება, ლეგენდალური სამხედრო რომელიც პლანეტათა შორის ომებში მონაწილეობდა პენსიაზე გადის და მისი ერთადერთი სურვილია დედამიწაზე დაბრუნდეს. თუმცა ის პოლიტიკოსების თამაშის მსხვერპლი ხდება. შესაძლოა მარტინს ამ ისტორიით ხაზი უნდოდა გაესვა რამდენად დაუფასებელი არიან ვეტერანები, ან როგორ იყენებს ჯარისკაცებს მთავრობა და შემდეგ ივიწყებს, მაგრამ ფაქტია რომ წერილმა ეფექტი გამოიღო და მარტინს ვიეტნამში წასვლა არ მოუწია.

საკმაოდ კარგად მიმდინარე დამწყები მწერლის კარიერა მისმა წარუმატებელმა მეოთხე ნოველამ The Armageddon Rag თითქმის გაანადგურა (ნოველა როკ ბენდი Nazgul-ის მენეჯერის და სოლისტის, Hobbit-ის, მკვლელობის გამოძიებაზე იყო. ეს დეტექტიური ჟანრის ნოველა იყო, სადაც მარტინი ფენტეზის ელემენტებს იყენებდა).ამის შემდეგ მარტიმა ტელევიზიაში გადაინაცვლა და სცენარისტად დაიწყო მუშაობა. თუმცა მას წიგნებთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია და სარედაქციო სამუშაოს განაგრძობდა.

მაშ რატომ არის მარტინი ასეთი პოპულარული, რატომ ეძახიან მას ამერიკელ ტოლკიენს (თუმცა მათ შორის სინამდვილეში არავითარი კავშირი არ არის, უბრალოდ ტერმინს იყენებენ რათა აღნიშნონ თუ რაოდენ დიდია მარტინის წვლილი თანამედროვე ფენტეზის პოპულარიზაციაში) და რატო მიაწერენ მას ფენტეზის აღორძინებას როდესაც ამ ჟანრში უამრავი კარგი მწერალი და ათჯერ მეტი ცუდი მწერალი არის.

იშვიათა ავტორი, გინდ ფენტეზიში გინდ ლიტერატურის ნებისმიერ სხვა ჟანრში, რომელიც მარტინის მსგავსად რეალურ და საინტერესო პერსონაჟებს ქმნის. რამდენადაც რეალურები არიან მისი პერსონაჟები იმდენადვე რეალურია მათი სამყარო. მარტინის მსოფლხედველბა არ  ზღუდავს სამყაროს შავად და თეთრად. აქ არ არიან ორკები რომლების პირველ დანახვაზე ნაჯახი უნდა მოიმარჯვო და არ არიან ელფები რომლებიც მხოლოდ კეთილნი და სათნოები არიან. აქ არიან ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ერთ დღეს სახლში დაგპატიჟონ, შენთან ერთად პური გატეხონ და მეორე დღეს შენი სასახლის დეკორაციის მიზნით შენი თავი სარზე წამოანცვონ. შუა საუკუნეებზე აგებული ფენტეზი სამყარო (რომელშიც ჯადოქრობის ელემენტი წინა პლანზე არ არის წამოწეული) გვანახებს თუ როგორი იქნებოდა მსგავს ადგილას ადამიანის ცხოვრება. ვესტეროსში დაბადებულებთა უმეტესობა მთელი ცხოვერება მიწის ხვნით არიან დაკავებული და იარაღს ცხოვრების ბოლო მომენტებში თუ დაინახავენ. ბევრნი არიან ვისაც ნარნიაში უნდა ცხოვრება, ბევრნი არიან ვისაც შუახმელეთის ყველა კუნჭულის მოვლა უნდა, ცოტანი არიან ვინც ვესტეროსში ცხოვრებისთვის გაცვლიდნენ დღევანდელი დღის კომფორტს. შუა საუკუნეებთან დაკავშირებული რომანტიული ილუზიები მარტინის გაცნობასთან ერთად მალევე იმსხვრევა და 14 წლის გოგონის ნაბოდვარს ემგავნება.

მარტინის თხრობის სტილი (ყინულისა და ცეცხლის სიმღერაში) დაფუძნებულია ცალკეული პერსონაჟების მიერ დანახულ მოვლენებზე, რითაც საოცრად კარგად ხდება მოქმედი პირის მოტივების დანახვა. ყოველ თავს თავისი გმირი ყავს, რომლის თვალებითაც სამყაროს ვხედავთ. იმის გათვალისწინებით რომ აქ ფენტეზის ჟანრში ერთ ერთ ყველაზე კომპლექსურ პერსონაჟებთან გვაქვს საქმე ეს მიდგომა შესანიშნავ ეფექტს იღებს. თხრობის ამ სტილის გამო შესაძლოა ისეთი პერსონაჟის მიმართ ვიგრძნოთ სიმპატია რომელმაც ბავშის მკვლელობა სცადა ან კიდევ უარესი…

თუ მარტინს ერთი ნაკლი აქვს ეს არის დრო რომელსაც ის ნაშრომების დაწერას უნდება. ყინულისა და ცეცხლის სიმღერის პირველი ნაწილი სატახტოთა თამაში ჯერ კიდევ 1996 წელს გამოვიდა, წიგნის მეხუთე ნაწილი კი მხოლოდ 2012 წლის ზაფხულში. ცნობილია რომ ავტორი კიდევ (სულ ცოტა)ორი წიგნის დაწერას აპირებს. თუ ჯორჯმა წერის სიჩქარეს დრამატულად არ მოუმატა დიდი შანსია რომ სერიის დასასრულს ვერ ვიხილავთ (ეს შიში სულ უფრო და უფრო ღრმა ფესვებს იდგამს მის ფანებში). ასეთ დიდი პაუზებს წიგნებს შორის მარტინი ერთ პროექტზე მუშაობაზე კატეგორიული უარით ხსნის. ის დღემდე განაგრძობს სხვა პროექტებზეც მუშაობას, რომლებშიც ყველაზე აღსანიშნავი WILD CARD-ების სერიია რომლის რედაქტორიც მარტინია (დრო და დრო მწერალიც). Wild Card ძალიან გავს იქს ადამიანების პაროდიას, თუმცა ბევრად უფრო ბნელი და ცინიკურია. ნიუ იორკში უცხოპლანეტელების მიერ შემთხევით გაშვებული ვირუსი კლავს მით დავადებულთა 90 პროცენტს, 9%-ს მუტაცია დამახინჯებულ არსებებად აქცევს(მათ ჯოკერებს უწოდებენ) ხოლო 1 % სუპერძალებს აძლევს (თუმცა ამათი ნაწილიც სრულიად გამოუსადეგარ ძალებს ფლობენ).

მაგრამ როგორც მანამდეც გითხარით მარტინი გაცილებით მრავალფეროვანია ვიდრე მხოლოდ „რეალური ფენტეზი“. უფრო მეტიც მისი შემოქმედების დიდი ნაწილი სულ არ არის ამ ჟანრში. თავის კარიერის დიდი ნაწილი მას სამეცნიერო ფანტასტიკისთვის აქვს მიძღვნილი (Dying of the Light, Windhaven, Hunter’s Run). ასევე აქვს ნაშრომები საშინელებათა ჟანრში (Fevre Dream). ყველა მის ნოველას როგორც მინიმუმ პრესტიჟულ დაჯილდოვებებზე აქვთ ნომინაცია მიღებული, ბევრს კი მოგებული. მაგალითად SandKings სამეცნიერო ფანტასტიკის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოები ჰუგო და ნებულაც აიღო. ის მარტინის ყველაზე ცნობილი მოკლე მოთხრობაა. მთავარი გმირი, იშვიათი და საშიში ცხოველების შემგროვებელი, მანამდე არნახულ მწერების ჯიშს შეიძენს, რომლებიც თავის პატარა შუშით შემოღობილ სამყაროში ცივილიზაციას აშენებენ, ერთმანეთს ებრძვიან გაუთავებელ ომებში და ღმერთად მათ პატრონს მიიჩნევენ. პატრონი კი ამავე დროს მათ აქეზებს, რათა ისინი უფრო მხეცური და საშიში გახადოს. ამას იმ მხოლოდ თავის და თავისი მეგობრების გასართობად აკეთებს. წიგნის მორე ნახევარში განვითარებული მოვნელები აჩვენებს თუ რამდენად საშიშია ღმერთს როლის მორგება.

ასევე აღსანიშნავია მისი მოთხრობების კრებული სახელად Tuf Voyaging, რომელიც ჰევილენდ ტაფის თავგადასავლებს მოგვითხრობს. მოგზაურობა მას შემდეგ იწყება რაც მთავარი პერსონაჟი ხელთ 30 კილომეტრიან ეკოლოგიური ინჟინერიისთვის ( და ბიოლოგიური ომისთვის) განკუთვნილ ხომალდს ჩაიგდებს ხელთ. ამ ხომალდით ის (და მისი კატები) მოგზაურობს სხვა და სხვა სისტემებში და გარემოს პრობლემებს (თავისებურად) აგვარებს, თუმცა კეთილი და ბუთხუზა პერსონაჟისგან ძალიან შორს არის. ის უფრო სატანას წააგავს, რომელიც სანუკვრელ სურვილებს ისე გისრულებს, რომ თავბედის წყვევლის გარდა არაფერი დაგრჩენია.

მარტინი დიდი გამოცდილების მქონე მწერალი და კომპლექსური პერსონაჟების შექმნის ოსტატია. ფრაზა “წიგნი ფილმს ჯობს” გაცვეთილია, მაგრამ ის ყინულისა და ცეცხლის სიმღერას განსაკუთრებით ეხება. თუ გეჩვენებათ რომ ამხელა სერიის დაწყება გაგიჭირდებათ, შეგიძლიათ მარტინს მისი მოკლე მოთხრობებით გაეცნოთ(აღსანიშნავია მისი ორ ტომად გამოცემული მოკლე მოთხორბების და ნოველების კრებული DreamSongs) და მისი სტილი დააგემოვნოთ. თუმცა ისეც უნდა ითქვას რომ ცეცხლისა და ყინულის ეპოპეა ისი როგორც მწერლის მწვერვალია.

ფენტეზი GDS-ზე

ოთხშაბათს (6 მარტს) GDS-ზე გადაცემაში “ლიტერატურული უწონადობა” ფენტეზის თემაზე ისაუბრებენ ნატო დავითაშვილი და გიგი თევზაძე. გადაცემა ყურება ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ აქ http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gdstv

ტოლკინი რადიო იმედზე

პარასკევ საღამოს, 10:15 წუთიდან 11:30-მდე, რადიო იმედზე ტოლკინზე ისაუბრებენ თორნიკე ჯანგველაძე და კატო ჯაფარიძე. გადაცემის მოსმენა ონლაინ რეჟიმში შეგეძლებათ აქ http://tunein.com/radio/Radio-Imedi-1059-s95218/